Back

                              

მშვილდი იყო ჩვენი წინაპრების ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი და აღინიშნა მრავალ ძველ და თანამედროვე წყაროებში. მიუხედავად შეზღუდული ხელმისაწვდომი ფაქტობრივი მონაცემებისა და ნაწილობრივ დაუსაბუთებელი ინფორმაციისა საბედნიეროდ დღემდე მოაღწია ქართული შედგენილი (Composite bow)  მშვილდის რამდენიმე ნიმუშმა. კერძოდ, მე-11 მე-12 საუკუნით დათარიღებული მშვილდები მესტიის მუზეუმიდან.  ეს მშვილდები კლასიფიკაციის მიხედვით რთულ (იგივე რქის) შედგენილ მშვილდებს წარმოადგენენ.

მსოფლიოში ცნობილია 20-ზე მეტი ტრადიციული მშვილდების ოჯახი, მაგრამ დღემდე არსად იყო აღნიშნული ან განხილული ქართული მშვილდი.  

ამ ნაშრომის მიზანია მეცნიერებს, მკვლევარებს და უბრალოდ დაინტერესებულებს, აგრეთვე მოსწავლე ახალგაზრდებს გააცნოს ქართული მშვილდის ეს ნიმუშები, რაც აგრეთვე შეავსებს მსოფლიო მშვილდოსნობის კულტურის ისტორიას.

***

რთულ-შედგენილი მშვილდი არის ტრადიციულ მშვილდის სახეობა და მზადდება რქის, ხის, ძვლების და საქონლის მყესების ლამინირებით. ამავე დროს, ერთად შეკვრამდე, თითოეულ ამათგანს დამუშავების საგანგებო ციკლი აქვს გავლილი.

საბრძოლოდ მომართულ მშვილდში შუა ნაწილი ხეა, რქა არის მშვილდოსნის მხარეს, ხოლ მყესები მშვილდის გარე მხარეს. მშვილდის მოზიდვისას მყესები იწელება, ხოლო რქა იკუმშება და იძლევა გაცილებით მეტ ენერგიას, ვიდრე იმავე ზომის ხის (მარტივი) მშვილდი. შედგენილი მშვილდის დამზადების დრო გაცილებით მეტია და იგი უფრო მგრძნობიარეა წყლისა და ჰაერის ტენიანობის მიმართ.

 

შედგენილი მშვილდი ცნობილია არქეოლოგიული მასალებიდან და იგი გავრცელებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულიდან. ამ სახის მშვილდი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც მხედრის, ასევე ქვეთის მიერ. მისი ტექნოლოგიები კარგად არ არის აღწერილი ძველ წერილობით წყაროებში, მაგრამ დადგენილია, რომ იგი სათავეს იღებს ჩრდილო აზიელი მომთაბარე მწყემსებიდან, რომელთათვისაც ეს იარაღი წარმოადგენდა ყოველდღიურ აუცილებლობას.

 

მოგვიანებით იგი  გავრცელდა სხვა ხალხთა მონადირეთა და მეომართა შორის და გამოიყენებოდა მთელს აზიაში, კორეიდან ევროპის ატლანტიკის სანაპირომდე, ჩრდილოეთ აფრიკაში, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით და ინდოეთში.

ცნობილია, რომ შედგენილ მშვილდებს ოდითგანვე იყენებდნენ ჩინელები, ასირელები, ეგვიპტელები. შემორჩენილია ცნობა თუთმოს III-ის მშვილდოსნებზე, რომლებიც იყენებდნენ მას საბრძოლო ეტლებიდან.

 

 

შედგენილი მშვილდის ტრადიციის პერიოდები და სახეობები მერყეობდა სხვადასხვა კულტურების შორის. მოგვიანებით, სკვითები,  ჰუნები, თურქები და მონღოლები ძალიან წარმატებულნი იყვნენ შედგენილი მშვილდების დამზადენასა და მოხმარებაში. (ვიკიპედია)

ამ იარაღის დახვეწაგანვითარება მოიცავს კაცობრიობის ისტორიის უზარმაზარ მონაკვეთს პალეოლითიდან XIX საუკუნემდე.

 

შედგენილი მშვილდის კულტურა საქართველოში დასტურდება ადრე ბრინჯაოს ეპოქაში და ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში (მე-9-მე7 საუკუნეები) ხმარებაში იყო რთული შედგენილი მშვილდები. თუმცა ეს ცხადია არ გამორიცხავს იმას, რომ შედგენილი მშვილდის კულტურა საქართველოში მანამდეც არსებობდა. (.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959. გვ 16)

 

უძველესი დროიდან მე-14 საუკუნემდე, როცა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებამ ფართო ხასიათი მიიღო, მშვილდ-ისარი მაინც წარმოადგენდა შორ მანძილზე სროლის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას, ძველთაგან მომდინარე შურდულთან და შედარებით გვიან გაჩენილ ბალისტიკურ იარაღთან ერთად. თოფის წამლის გაჩენის შემდეგაც მშვილდ-ისარი დიდხანს ინახავდა საბრძოლო და სანადირო იარაღის ფუნქციას, ზოგიერთ ხალხში, მათ შორის საქართველოშიც, იგი დღესაც პოპულარულია და ინარჩუნებს სპორტული იარაღის დანიშნულებას.

 

მესტიის მუზეუმში დაცული სამგოზა შედგენილი მშვილდი (ფოტო მუზეუმი) დათარიღებულია 11-12 ს. (ფოტო-ინტერნეტი)

 

 

შედგენილი მვილდის დამზადება და გამოყენებული მასალები

 

ძირითად ფორმას მშვილდს აძლევს ხის საფუძველი და ასევე - განზომილებით სტაბილურობას. იგი ხშირად შედგება რამდენიმე ხის ნაწილისაგან, რომელიც ერთმანეთში ზუსტადაა ჩაწებებული ცხოველური წებოთი და მერცხლის კუდისებური V ფორმის ჭრებით, რათა გადაბმის ადგილებს მაქსიმალური მოჭიდება ჰქონდეს.

ასეთი სახის გადაბმები საშუალებას იძლევა მშვილდისთვის სხვადასხვა განსაკუთრებული ფორმის მისაცემად. ფორმების ვარიაციით მშვილდი  ერთ შემთხვევაში ფეხოსნისთვის ტყეში სანადიროდ არის პრაქტიკული  და სხვა შემთხვევაში - მხედრისთვის ცხენიდან სასროლად.

მშვილდის ხის კიდურებმა, რომელთაც გოზები ჰქვიათ, უნდა გაუძლოს ინტენსიურ დატვირთვას. მასალად აირჩევა საუკეთესო სრუქტურის ძლიერი და მსუბუქი ხის მასალა როგორიცაა, მაგალითად: ნეკერჩხალი, თუთა, თხილის ნაირსახეობა და სხვ.

 

ჯიხვის, ხარის, კამეჩის ან თხის რქის ფირფიტა, შესაბამისი წინასწარი დამუშავების შემდეგ, ხეს ეწებება ორივე გოზაზე შიდა მხარეს - მომართულ მდგომარეობაში უყურებს მსროლელს.

 

მყესებს ამზადებდნენ ნადირის ან საქონლის (ირმის, ჯიხვის ან შინაური ჩლიქოსნების) ქაქუჩის მყესებისგან, რომლსაც კარგი გაშრობის შემდეგ სიგრძივ იკეპებოდა წვრილ ძაფებად. ამგვარად დამუშავებული მყესები, გაჟღენთილი ცხოველური წებოთი, ფენებად ედება ხის გოზებს გარე მხრიდან მშვილდის მთელ სიგრძეზე და შრება. ასეთნაირად დაწებებული და უკვე გამშრალი მყესები მყარად ეკვრება ხეს და ხდება ერთი მთლიანი, აძლევს საოცარ შენარჩუნებად დრეკადობას და ელასტიკურობას.

 

წებო, იგივე ჟელატინი მზადდება თევზისგან ან ცხოველური ძვლებისაგან და გამოიყენება ხის ნაწილების ერთმანეთზე შესაწებებლად, რქის და მყესების ხეზე დასაწებებლად.

 

ეს განსაკუთრებული პროცედურაა და სჭირდება დიდი დრო კარგად გასაშრობად. უკვე დასრულებულ მშვილდს, წყლისგან და ნესტისგან დაცვის მიზნით, ეკვრება თხელი ტყავი ან არყის ხის ქერქი.

 

საბამი უმთავრესად ლერწმისა, მცენარეულის ბოჭკოსა და ცხოველის ძარღვისაგან მზადდებოდა. (.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959. გვ.25).

 

სულხან-საბა ორბელიანს (1658 -1725) მოჰყავს მშვილდის რამდენიმე სახესხვაობის დასახელება მისი მასალისა და დანიშნულების მიხედვით, საკუთრივმშვილდი“ (ისრის სატყორცნელი), „აჯის მშვილდი“ (გალაურის ენით რქის მშვილდი), „ბზაკალი“ („ხის მშვილდი გინა ბზის ხის კოპიტი“), „ქამანი“ („სუსტი მშვილდი“), „ჯიღა მშვილდი“ („ტყეთა შინა სასხლეტად მორთვენ მშვილდ ისართა რა ნადირნი გავლიან, შესძრავს დასხლტება და მოჰკლავს“). (.ელაშვილი, „მშვილდოსნობა“, თბილისი 1959. გვ.25. სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა).

 

სულხან-საბა ორბელიანი (ერისკაცობაში სულხან ორბელიანი, ბერად დაერქვა საბა; . 24 ოქტომბერი/3 ნოემბერი, 1658, ტანძია, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტი . 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე.

შედგენილი მშვილდები საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლომდე გამოიყენებოდა როგორც საბრძოლო, სანადირო და საპაექრო იარაღი მრავლადაა შემონახული შუასაუკუნეების და გვიანდელი ფეოდალური დროის მხატვრული ნამუშევრები მშვილდოსნების გამოსახულებით. საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებში დაცულია შედგენილი მშვილდები. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მესტიის სამხარეო მუზეუმში დაცულია 2 უნიკალური შედგენილი მშვილდი, რომელსაც შემდგომში განვიხილავთ.

 

 

Back