გურამ გაბაშვილი

ჭედურობა და ტრადიციული იარაღი

გურამ გაბაშვილი დაიბადა 1926 წლის 5 აპრილს. ბავშვობა ქუთაისში გაატარა, სადაც მისი წინაპრები ბესიკ გაბაშვილს გაჰყოლიან, როგორც მისი უახლოესი ნათესავები. გურამ გაბაშვილმა მამულის უსაზღვრო სიყვარული ქართული ხელოვნების უანგარო სამსახურში განასახიერა. მისი პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში სადაფზე შესრულებული მინიატურები იყო. 1955 წელს, პირველივე გამოფენაზე მიაღწია წარმატებასა და აღიარებას. განათლებით იგი ისტორიკოსია, მაგრამ განსაკუთრებული ძალით მას იზიდავდა ძველი ქართული ჭედურობა, გულდასმით სწავლობდა ძველ ხელოვანთა ნაოსტატარს, აკვირდებოდა მათ ტექნიკურ ხერხებს, ცდილობდა ჩასწვდომოდა შუა საუკუნეების ქართველ შემოქმედთა ხელოვნების საიდუმლოს. მისი პირველი ჭედური პანო 1962 წელს გამოჩნდა - "ხევსური გოგონა" (სპილენძი) - დაბალ რელიეფში შესრულებული კომპოზიცია.

გურამ გაბაშვილი ცნობილ ქართველ მხატვრებთან კობა გურულთან და გოგი ოჩიაურთან ერთად ქართული ჭედური ხელოვნების ამაღორძინებელია, მათმა ნამუშევრებმა 60-იან წლებში ნამდვილი ბუმი გამოიწვია.

არ დარჩენილა მსოფლიოს არცერთი ქვეყანა სადაც გურამ გაბაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა რამდენჯერმე არ მოწყობილიყო და ყოველთვის დიდი მოწონება არ დაემსახურებინა. დაჯილდოებულია მედლებით, დიპლომებით და სიგელებით.

გურამ გაბაშვილში ქართველი კაცის ნოვატორული და მაძიებელი ბუნება ერთხელ კიდევ გამოჩნდა - ქართულ საიუველირო ხელოვნებაში კარგადაა ცნობილი ცვარა, სევადა, ზარნიში და სხვა. ოქრომჭედლური ხერხები საქართველოში უკვე კვდომის გზაზე იყო და სწორედ ამიტომ მოჰკიდა მან ხელი ამ უძველეს საქმეს. მრავალი უძილო ღამე შესწირა მან ზარნიშის აღდგენას. ზარნიში რკინაში ან ძვალში მეტალის ჩასმის ურთულესი ტექნიკაა, რომელიც ოსტატისაგან ფილიგრანულ აზროვნებას მოითხოვს. გურამ გაბაშვილმა ზარნიში კვლავ გააცოცხლა და შთამომავლობას შესანახად და საპატრონოდ დაუტოვა. ეს კი მისი შემოქმედების კიდევ ერთი გამარჯვებაა, რომელსაც სიკვდილი არ უწერია.

გურამ გაბაშვილმა თავისი ცხოვრება ქართველ ხელოვანთა შორის გაატარა. მეგობრობდა ლადო გუდიაშვილთან, დავით ციციშვილთან და სხვა მოღვაწეებთან. გურამი ერთნაირი სითბოთი და სიყვარულით ეპყრობოდა მოხუცსაც და სკოლის მოსწავლესაც და რაც მთავარია ყოველთვის უშუალოდ და უანგაროდ გასცემდა თავის ცოდნასა და გამოცდილებას. ყველაფერი ეს ნათლად მჯღავნდებოდა ხალხური შემოქმედების სფეროში მოღვაწეობისას თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში. იგი ხელს უწყობდა ნიჭიერ ხალხურ ოსტატთა გამოვლენას, მათ შემოქმედებით წინსვლას და დაოსტატებას.

გურამ გაბაშვილი აქილევსია ქართული ხალხური ხელოვნებისა, რომლის გამარჯვებაში დიდია მისი ღვაწლი. ბევრჯერ შეუქიათ და მისი შემოქმედება ღირსეულად დაუფასებიათ. ამის დასტურია ის დიდი მოწონება და პატივისცემა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა. რუსი ჟურნალისტი ჟანა გრეჩუხა წერს: "ამბობენ შეუცვლელი ადამიანი არ არსებობსო - ეს არ ეხება ბატონ გურამ გაბაშვილს!". გურამ გაბაშვილი გარდაიცვალა 2003 წელს, დაკრძალულია თბილისში კულტურის მოღვაწეთა პანთეონში. დაგვიტოვა დიდი, წმინდა და ნათელი ხელოვნება, ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი, და იმის მაგალითი თუ როგორ უნდა ემსახურო მამულს, ეროვნულ კულტურას, უბრალოდ, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი.

https://www.facebook.com/ggabashvili/media_set?set=a.1408558345711.2053440.1585028163&type=3

http://www.myvideo.ge/?video_id=1211987

http://www.myvideo.ge/?video_id=1461874

  

  

 

გურამ გაბაშვილი

 

  მთავარი გვერდი  I  ჩვენს შესახებგალერია I პუბლიკაციები I სიახლე  I  ბმულები

Copyright © 2005 www.georgians-weapons.ge